აჭარის კონსტიტუციის კანონპროექტის განხილვას "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომა დატოვა. ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის კონსტიტუციის ცუდი ვერსია, სადაც რეგიონის უფლებამოსილებები სუსტდება.
„როდესაც მიმდინარეობდა კომისიებში განხილვები, ჩვენ გვესმოდა სახელისუფლებო გუნდისგან, რომ საბოლოო იურიდიულ კომისიაში მოხვდებოდა ჩვენი წინადადებების და სხვადასხვა პირების მიერ წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინება. სავარაუდოდ, იმართებოდა კონსულტაციები ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საბოლოოდ როგორც ჩანს, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ვერც ერთ ცვლილებაზე, შესაბამისად, გუშინ იურიდიულ კომისიაზე მიიღეს ისეთი რედაქცია, რომელიც იყო წარდგენილი „ქართული ოცნების“ მიერ,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია აბულაძემ.
„ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს სხდომაზე უპასუხეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა.
„მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რაც აქვს ჩემს კოლეგებს, არ არის კარგი და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, როგორც მოიქცა საქართველოს პარლამენტი, საარჩევნო სისტემა შეცვალა და თუნდაც 2024 წლისთვის გადავა პროპორციულზე, კარგი იქნება, თუ აჭარის უმაღლესი საბჭოც მიბაძავს საქართველოს პარლამენტს,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - აჭარას” თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ.