ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ევროპაში საკმაოდ გაზრდილია - ამის შესახებ დღეს გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიგრაციის შტაბის უფროსმა დღეს არ გამორიცხა, რომ საქართველო მოქალაქეებს გერმანიის ტერიტორია იძულების წესით დაატოვებინონ.
ბოლო ოთხი თვეა, საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ევროპაში თავშესაფარს ითხოვს. ასივე პროცენტს გერმანიის მთავრობა უარს ეუბნება.
გერმანია საქართველოს არალეგალი მიგრანტების მკაცრ კონტროლს სთხოვს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, იმისთვის, რომ ევროკავშირმა შეჩერების მექანიზმი არ გამოიყენოს და საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლაზე უარი არ უთხრას.
საქართველოს მოქალაქეები, სირიელებისა და ავღანელების შემდეგ, მეექვსე ადგილზე არიან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის.
ფრანგი დიპლომატი, პასკალ მონიე, ამბობს, რომ, თუკი ეს პრობლემა არ მოგვარდება, მაშინ შესაძლოა, კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ.
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ადასტურებს, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეექმნა, პრობლემების მოსაგვრებლად კი მმართველი გუნდი სახელის და გვარის შეცვლას ართულებს.
ოპოზიცია უვიზო მიმოსვლაზე საფრთხის შექმნის წინაპირობად ქვეყნის შიგნით და გარეთ კრიმინალის გაზრდას ასახელებს.
ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დაარღვიონ უვიზო გადაადგილების პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დეპორტაცია ელით, რის შემდეგაც შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ.
საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის საკითხი ხუთშაბათს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.
საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონაში სავიზო რეჟიმის დარღვევაზე ევრო გაერთიანების ხელმძღვანელებს კითხვები საქართველოს პრეზიდეტთანაც ექნებათ, გიორგი მარგველაშვილს ბრიუსელში ხვალ ელოდებიან.