ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან, დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა. ირაკლი კობახიძის კაბინეტი უმცირესობის ლიდერმა და ევროპული საქართველოს წევრებმა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დატოვეს. ორდღიანი მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ხვალაც გაგრძელდება.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ მოლაპარაკებებზე ნაციონალური მოძრაობა არ მიუწვევიათ. უცნობია, აპირებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციურ ფრაქციის წინადადებების გათვალისწინებას, რომელიც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებთან საქართველოს მიერთებას გულისხმობს.
ევროპული საქართველო კი ე.წ. "ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სიის" შედგენას ითხოვს. კონკრეტული გვარები, თუ ვის შეეხება საქართველოს ხელისუფლების და ევროპული სტრუქტურების სანქციები, ჯერ უცნობია. ერთადერთი გვარი, რომელიც შავ სიაში აუცილებლად ჩაიწერება, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული, რაშიგ კანჯიოღლია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი ღიად ადასტურებს, რომ ერთობლივი რეზოლუციის მიღების შესახებ პოლიტიკური სურვილი არსებობს.
მმართველი გუნდის წევრების ნაწილი კი კრიტიკული რეზოლუციის მიღების და რუსეთის გაღიზიანების წინააღმდეგია.
საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა პატრიოტთა ალიანსის წევრებისთვისაც მიუღებელია.