ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობა დაატოვებინა.
პარლამენტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ ნათენაძის მოულოდნელი გათავისუფლების მიზეზი დღეს არ დაუკონკრეტებია. კურიერის ინფორმაციით კი, პარლამენტის აპარატის უფროსს ერთ-ერთი მივლინების წინა დღეს დაწერილი განცხადება დაახვედრეს და უთხრეს, რომ ის პოსტიდან უნდა წასულიყო.
პარლამენტის აპარატის უფროსის გათავისუფლების მიზეზებზე ირაკლი კობახიძე არ საუბრობს, თუმცა, პრესა წერს, რომ ნიკოლოზ ნათენაძის პოსტი ფინანსურ დარღვევებს შეეწირა.
სააგენტო თაიმერის მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, საქმე ეხება პარლამენტის მიერ ჩატარებულ ტენდერებს.
პარლამენტის აპარატის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჟურნალისტებს უამბო, რომ პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი ფინანსური მაქინაციების დროს ხშირად პარლამენტის თავმჯდომარის სახელით მოქმედებდა.
პარლამენტის აპარატის უკვე ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ტენდერებზე და ფინანსურ დარღვევებზე გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და სხვა გეგმები აქვს.
წყარო საქართველოს პარლამენტიდან ჟურნალისტებს უყვება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აპარატის უფროსის ფინანსურ დარღვევებზე ინფორმაცია სამართალდამცველებმა მიაწოდეს და ნათენაძის გათავისუფლება მოსთხოვეს, კობახიძემ კი მისივე მეგობარი პოსტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ გაათავისუფლა.
ნიკოლოზ ნათენაძე პარლამენტის აპარატის უფროსად ირაკლი კობახიძემ გასული წლის თებერვალში დანიშნა.