ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ხვდებიან.
უცხოელი დიპლომატები ცხინვალში დღეს დილით შევიდნენ. მატ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემა იქნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჟენევის თანათავმჯდომარეებმა სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრაზე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე ისაუბრეს.
„ჩვენი მხრიდან ყველა მხარე არის ინფორმირებული, მათ შორის ჟენევის თანათავმჯდომარეები, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა და იყო ამაზე საუბარი. ყველა დაინტერესებული მხარე არის ჩართული და ველით, რომ იყოს რაც შეიძლება სწრაფად მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
13 დღის წინ ცხინვალის ციხეში მოკლული ტატუნაშვილის გადმოსვენება დღეს ან ხვალ უნდა მოხდეს, ეს განცხადება საპატრიარქოს წარმომადგენელმა კახა გოგოტიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისში რუსეთის პატრიარქის კირილის წერილი მიიღეს.
გუშინ, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა "კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს".