06 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო აგრესიულ კიბერთავდასხმებს განახორციელებს - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი

მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე ამერიკის სენატში მოსმენა გაიმართა. კანონმდებლებს ანგარიში ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, დენ ქოუთსმა გააცნო და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

განსაკუთრებით მწვავე კრიტიკა დემოკრატების მხრიდან ისმოდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთისგან მოსალოდნელი ჰაკერული შეტევების პრევენციისთვის სათანადოდ არ მუშაობს. დემოკრატი სენატორები დღეს უკმაყოფილებას არ მალავდნენ და ადმინისტრაციას მწვავედ აკრიტიკებდნენ. ისინი შიშობენ, რომ თეთრი სახლი მორიგ რუსულ საფრთხეს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დღევანდელ მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო აგრესიული კიბერთავდასხმებია მოსალოდნელი და არა მხოლოდ შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

"ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, განახორციელებს კიდევ უფრო აგრესიულ კიბერთავდასხმებს, რომ გააუარესოს ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები და შეასუსტოს ჩვენი ალიანსები. უწყვეტი დამანგრეველი კიბერ ოპერაციები და გავლენის მოხდენის მცდელობა გაგრძელდება შეერთებული შტატების, ევროპული ქვეყნების და სხვა მოკავშირეების წინააღმდეგ, რომ გამოიყენონ არჩევნები როგორც შესაძლებლობა დემოკრატიის გასანადგურებლად, უთანხმოების დასათესად და ჩვენი ღირებულებების დასაზიანებლად. ვლადიმერ პუტინის წყალობით მივიღეთ გაფრთხილება, რომ რუსულმა დათვმა ზამთრის შემდეგ მშიერმა გაიღვიძა და ტერიტორიების მიტაცება დაიწყო, რაც მოხდა უკრაინაში, ყირიმში და ასევე საქართველოშიც,“- განაცხადა დენიელ ქოუთსმა.

სენატორები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის არჩევნებში ჩარევაში დადანაშაულებული 13 პირის მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ. 

სენატორებმა დაზვერვის ეროვნულ დირექტორთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაც მოითხოვეს, რათა დენიელ ქოუთსს ესაუბრა თუ რა ზომებს იღებს ადმინისტრაცია მორიგ რუსულ კიბერთავდასხმასთან დასაპირისპირებლად და მიიღეს თუ არა კონკრეტული დავალებები უსაფრთხოების სამსახურებმა.

 

დღის ამბები