თბილისის მერია ზედამხედველობის სამსახურის რეფორმას იწყებს. განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. კახა კალაძის ინიციატივით, უნდა გამკაცრდეს საჯარომო სანქციები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამშენებლო კომპანიებისთვის.
უკვე ცნობილია, რომ 500-მა სამშენებლო კომპანიამ ნებართვის დარღვევის გამო, გაფრთხილება უკვე მიიღო. ასევე, მერიის ინიციატივით იგეგმება მონიტორინგის გამკაცრება გარევაჭრობასთან დაკავშირებით.
ასევე აბრებზე ქართული ანბანის არგამოყენებაზე ჯარიმების გაზრდის კანონპროექტს მერია პარლამენტს უგზავნის. ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირი, რომელსაც ეს საკითხი არ ექნება მოწესრიგებული, ათასი ლარით დაჯარიმდეს, ხოლო იურიდიული პირი - 3 ათასი ლარით.
„დედაქალაქის იერსახის დამახინჯება თბილისის ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა, რეკლამის უნებართვო განთავსება ან არასათანადო რეკლამის განთავსება - მე მგონია, რომ ამ მიმართულებით საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა ეფექტური იყოს ზედამხედველობის სამსახური,“- განაცხადა კახა კალაძემ.