რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ ჟოზვიაკის ინფორმაციით, ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის თემას გერმანია დამატებით საკითხად დააყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას, „კურიერს“ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ წევრი ქვეყნების მინისტრებს უფლება აქვთ, დააყენონ ნებისმიერი მათთვის აქტუალური თემა.
რიკარდ ჟოზვიაკი ამბობს, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა დონალდ ტუსკისა და გიორგი მარგველაშვილის მოლაპარაკებებზე.
„გერმანიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წერილობით მიმართა და მოითხოვა, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის საკითხი დღის წესრიგში იყოს. მინისტრები ხვალ განიხილავენ, მაგრამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. გერმანიის გარდა სხვებსაც აღელვებთ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის ტენდენცია. ამიტომ ევროკავშირის დიპლომატთა ჯგუფი, რომელიც უშუალოდ მუშაობს ვიზების საკითხზე, ამ თემას 26 მარტს განიხილავს, კომისია კი მეორე ანგარიშს მოამზადებს და იქნება მკაფიო ნაბიჯები, საქართველომ რა უნდა გააკეთოს. საქართველოს პრეზიდენტიც ჩამოდის და ამ საკითხზე, თითქმის, ყველა ლიდერთან ისაუბრებს, განსაკუთრებით კი დონალდ ტუსკთან. თავად ტუსკი წამოწევს თემას. ევროკავშირი საქართველოსგან ელის, რომ დაასახელებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რისი გაკეთებაც სურს,“- განაცხადა რიკარდ ჟოზვიაკმა.