20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
18-მა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადება დაიწყო

18-მა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადება დაიწყო. ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში პარტიები იმ საკანონმდებლო წინადადებებზე იმსჯელებენ, რომელიც მათი თქმით, გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა პარტია თანაბარ პირობებში იბრძოლებს.

ინიციატივებს ინტერპარტიული ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს. ოპოზიციონერებს იმედი აქვთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს შეიტანს.

„მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები შევიდეს კანონმდებლობაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ სხვადსხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, კონკურენტუნარიან, ჯანსაღ, დემოკრატიულ ნორმალურ გარემოში, ცხადია ეს მთლიანად არის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული,“ -განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე განცხადება გააკეთა "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ.

„იმედი გვაქვს, რომ ერთობლივ წინადადებებს შევიმუშავებთ და წარვუდგენთ საზოგადოებას და ხელისუფლებას, იმისათვის, რომ საარჩევნო პირობები ქვეყანაში იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე არის,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

„თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სიის ფორმირებას ყურადღება მიექცეს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში შევძლოთ ბიომეტრიული სიების ფორმირება და ეს უკვე ხელს შეუწყობს, რომ არ მოხდეს გაყალბებები,“ - განაცხადა კეკენაძემ.

დღის ამბები