ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
გერმანიის შს მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებულია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდით.
„იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში თავშესაფარს ითხოვენ განსაკუთრებით გაზრდილია. საქართველოს მთავრობამ ეს იცის და ყველაფერს აკეთებს, რომ ამ რიცხვმა აღარ მოიმატოს. მივესალმებით იმას, რომ საქართველო მზადაა მიიღოს ის მოქალაქეები, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე, თუმცა, ჩვენ გვექნება კონსულტაციები სხვა
სახელმწიფოებთან იმაზე, თუ რა ზომებს მივმართოთ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა,"- განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაზიერიმ.
შვედეთის შს მინისტრის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორგანიზებული კრიმინალის შემთხვევები, რომელიც საქართველოს, ლიტვისა და პოლონეთის მოქალაქეებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის, თუმცა არ გამოირიცხება სამომავლოდ დადგეს ეს საკითხი.
მორგან იოჰანსონი ამბობს, რომ მომავალ კვირას საქართველოს შს მინისტრს შვედეთში ელოდებიან, რომელთანაც სწორედ მიგრანტთა რაოდენობის გაზრდის პრობლემაზე ისაუბრებენ.
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მომავალ კვირას შვედეთში ჩამოდის და ვაპირებთ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის საკითხის განხილვას. ასევე ვილაპარაკებთ მძარცველებისა და კრიმინალური დაჯგუფებების შესახებაც, რომლებიც ქურდობისთვის ჩამოდიან ევროპაში. შვედეთში ასეთი ხალხი საქართველოს გარდა ლიტვიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან ჩამოდის. გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც მიიღოს ზომები დანაშაულთან საბრძოლველად. ძარცვის შემთხვევების ნახევარი უცხოეთიდან ჩამოსულების მიერაა ჩადენილი.
"ზუსტი ციფრები არ მაქვს და ვერ გეტყვით არის თუ არა საქართველო მეორე ადგილზე. მაგრამ შევამჩნიეთ, რომ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში მკვეთრადაა გაზრდილი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, თითქმის არცერთი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. რა თქმა უნდა თითოეულ საქმეს საფუძვლიანად სწავლობენ. ხშირად რამდნიმე დღეში ან ერთ კვირაში ვიღებთ გადაწყვეტილებას და ხალხს უკან ვაბრუნებთ. რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს ეს საკითხი არცერთი დისკუსიის დროს მწვავედ არ დასმულა. თუმცა შეიძლება წამოიწიოს"- ამბობს თის შინაგან საქმეთა მინისტრი მორგან იოჰანსონი.
თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ისაუბრა მალტის შს მინისტრმაც, მისი თქმით, მალტის ხელისუფლება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ანიჭებს თავშესაფარს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული ქვეყნებზე, გარემოებებსა და უშუალოდ შემთხვევებზე. მალტაში თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნები დეტალურად განიხილება და თუ ჩავთვლით რომ სჭირდებათ, ვანიჭებთ თავშესაფარს"-აცხადებს მალტის შინაგან საქმეთა მინისტრი მიშელ ფარუგა.