20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
შემოიღებენ ჭამის, სმის და ძილის მინისტრის პოსტს - თბილისის მერის ინიციატივას, "ღამის ეკონომიკა" ოპოზიცია აკრიტიკებს

„200 ათასი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს დედაქალაქში და ის ხალხი იძინებს იმის შიშით, რომ დილას გაიღვიძოს და იფიქროს, რა აჭამოს თავის შვილებს და არა იმაზე, რით უნდა გაერთოს ღამე,“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერიის ახალ პროექტის - "ღამის ეკონომიკის" შეფასებისას გააკეთა.

"ღამის ეკონომიკის" განვითარების ინიციატივა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე დაანონსა

ზაალ უდუმაშვილის თქმით, როცა ქალაქში საკმაოდ ბევრი სოციალურად დაუცველია, ქალაქი ღამის ცხოვრებაზე ფინანსებს არ უნდა ხარჯავდეს.

„თუ თბილისის მერიას გააჩნია, ზოგადად, რაღაც დამატებითი თანხები, რომლებიც შეუძლია, ასე გაფლანგოს უაზრო პროექტებში, ეს თანხები სჯობს მოახმაროს სოციალურ პროექტებს დედაქალაქში და დავეხმაროთ იმ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომელიც ათიათასობით არის თბილისში.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი მერის ინიციატივას აკრიტიკებს.

„შემდეგ შემოიღებენ, ალბათ, ჭამის მინისტრის პოსტს, სმის მინისტრის პოსტს და მერე ძილის მინისტრის პოსტს, ოღონდ კი ვიღაც დაასაქმონ... ზოგადად, ღამის ცხოვრება, ეკონომიკის განვითარება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას არ სჭირდება დამატებითი ბიუროკრატია, პირიქით, სჭირდება ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები გადასახადები და ნაკლები რეგულაციები,“ - განაცხადა თარხნიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები