ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე მოლაპარაკებები საოკუპაციო რეჟიმთან ორშაბათამდე შეწყდება.
როგორც ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა, დღეიდან ორშაბათამდე ოკუპირებულ ცხინვალში უქმე დღეებია.
თინიკაშვილმა ეს ინფორმაცია ტატუნაშვილის ოჯახს მიაწოდა. მისი განცხადებით, ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია, თუმცა ისინი საჯაროდ საუბარს ცხედრის გადმოსვენებამდე არ აპირებენ.
„დღევანდელი დღე, ხვალ ზეგ და ორშაბათამდე ოთხი დღე ცხინვალში არის დასვენების დღეებად გამოცხადებული. სამწუხაროდ ორშაბათამდე მოლოდინიც აღარ არის რაიმე სიახლის.
უმძიმეს მდგომარეობაში არიან (ოჯახი), რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით შედეგი არ არის,“-აცხადებს თინიკაშვილი.
მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმს გამკაცრებულია აქვს კონტროლი. აჩერებენ ქართულ ნომრიან ავტომობილებს.
ახალგორის გამგებელის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შესულ მძღოლებს რეჟიმი გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს.
„ორშაბათიდან უკვე მეხუთე დღეა ომონის ჯგუფია შემოსული, რომლებიც აჩერებენ მანქანებს და ეუბნებიან, რომ უნდა აიღონ ან ოსური სანომრე ნიშნები ანდა დროებით ტექნიკურ აღრიცხვაზე უნდა დადგნენ ერთი წლის ვადით. ეს მოთხოვნა არსებობს. დანარჩენი შესვლა-გამოსვლა არის ჩვეულებრივ რეჟიმში, მოწმდება ტვირთი. ერთი თვეა, რაც საბაჟო ადმინისტრაციულ საზღვართან გახსნეს-ეს ტვირთების კონტროლს უნდა ემსახურებოდეს, თუმცა მოგეხსენებათ, რომ რაიმე ტვირთები იქ აღარ შედის ამ ამბის მერე“-ამბობს თინიკაშვილი.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი კვირა გავიდა. ამ დრომდე უცნობია, როდის გადმოსცემს საოკუპაციო რეჟიმი ოჯახს ცხედარს.