პარლამენტში დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრები განახლდება.
კონსულტაციებში მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ გარდა, „ნაციონალური მოძრაობაც“ ჩაერთვება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარალელურად, იგეგმება კონსულტაციის გავლა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან.
„მიუხედავად იმისა, რომ იმ ორ რეზოლუციას შორის, რომელიც უმრავლესობის და უმცირესობის მიერ არის დაინიცირებული, საერთო სულისკვეთებაა და მიმართულია ოკუპაციის წინააღმდეგ, არის გარკვეული სხვაობები დეტალებში და მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გარკვეული კომპონენტების გათვალისწინება და საერთო დოკუმენტის მომზადება. ჩვენ დაგვჭირდება კიდევ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ კონსულტაციები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან წარვმართოთ და შემდეგ უკვე საკომიტეტო ფორმატში გახდება ცხადი ერთი დოკუმენტით ვაგრძელებთ მუშაობას თუ ორით,“-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
არსებული ინფორმაციით, უმცირესობა - უმრავლესობას შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი სანქციებია. მხარეები იმედოვნებენ, რომ პარლამენტი რეზოლუციის სხვადასხვა ვერსიაზე არ გააგრძელებს მუშაობას და ერთიანი დოკუმენტის მიღებას შეძლებენ.
„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ უახლოეს ხანში მოხდება ამ ორი რეზოლუციის პროექტის შეჯერება. ანუ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ პარლამენტმა შეიმუშაოს ერთიანი დოკუმენტი, რომელიც იქნება ძლიერი და რომელიც თავისთავში მოიცავს კონკრეტულ ინსტრუმენტებს და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არის სწორედ ასეთი ინსტრუმენტი,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.