20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
საბიუჯეტო სახსრებით ამომრჩეველთა მოსყიდვა - "ახალი საქართველოს" კვლევა 

"ახალი საქართველოს" წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს საბიუჯეტო სახსრებით ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.

გიორგი ვაშაძის თანაგუნდელები ამბობენ, რომ აუცილებელია, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას.

„სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული არის 6-ჯერ მეტი დახმარება, ვიდრე სხვა გამგეობების მიერ და სხვა თვეებთან შედარებით. კერძოდ, საუბარი არის 628 ათას ლარზე, რომელიც გაიცა 1400-მდე ადამიანზე, სწორედ, სექტემბერ-ოქტომბერში, წინა საარჩევნო პერიოდში, რაც გვაძლევს იმის ვარაუდს, რომ ეს განსაკუთრებული სხვაობა და განსაკუთრებული მონაცემი არის იმის მიმანიშნებელი, რომ სამგორის რაიონის გამგებელმა არაკეთილსინდისიერება გამოიჩინა და ის შესაძლებლობა, რასაც მას აძლევდა საკანონდებლო ნორმები გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, სახელისუფლებო გუნდის ინტერესებისთვის,“ - განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” გამგეობის წევრმა, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ.

სამოქალაქო სექტორის განცხადებით, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის საკითხიც.

"ასეთი ტენდენციის შემზღუდავი ნორმა ჩვენ მოქმედ კანონმდებლობაში არ გვაქვს, ანუ დარღვევად ის სურათი რაც ვნახეთ მოქმედი კანონმდებლობით არ ითვლება, თუმცა გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს ეს სურათი, ამიტომ მნიშვნელოვანია, შემდგომ პერიოდში განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც მსგავსი სახის მიდგომებსაც გამორიცხავს , რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს“- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ლელა ტალიური.

დღის ამბები