„ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ოჯახს,“ - ეს განცხადება, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზალია პუგლისმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებასთან დაკავშირებით გააკეთა.
როზალია პუგლისის თქმით, ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის გარდა, ოკუპირებულ ახალგორში მყოფი საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დეფაქტო ხელისუფლებამ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა დააბრუნოს.
„ძალიან ვწუხვართ და შეშფოთებულები ვართ ტატუნაშვილის საკითხის გამო. მისი ცხედარი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ოჯახს. ამავდროულად, მასთან ერთად უკანონოდ დაკავებულ კიდევ ორ მოქალაქეს, რაც შეიძლება, დროულად უნდა მიეცეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება. ველოდებით დეტალურ და ყოვლისმომცველ გამოძიებას, რომელიც ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს მკაფიო პასუხებს გასცემს,“ - აცხადებს როზალია პუგლისი.
არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს ორ მეგობართან ერთად დააკავეს. 23 თებერვალს კი საოკუპაციო რეჟიმმა ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. რაც შეეხება დაკავებულ კიდევ ორ პირის, ისინი ამ დრომდე ოკუპირებულ ახალგორში რჩებიან.