საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის შეხვდა, სადაც განხილვის მთავარი თემები ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმე, ოკუპირებული რეგიონები და ვიზალიბერალიზაცია იყო. ევროკავშირისთვის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმმა ოჯახს ცხედარი არ დაუბრუნა.
„საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას და კონკრეტულად, ბატონი ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების თემატიკას. ქალბატონმა მოგერინიმ სრულად გაიზიარა მწუხარება და აღშფოთება საკითხთან მიმართებით და ამ პროცესებში ჩართულობის მზაობა გამოხატა“,- განაცხადა ლოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
„ამ შეხვედრებზე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას თუ რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ეს ნაკადი შემცირდეს და საფრთხის შეგრძნება, რომელიც ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს გაუჩნდა, მოიხსნას. ზომები მიღებულია, მიმდინარეობს სხვა ზომებზე საუბარი, შეთანხმება ჩვენს ევროპულ კოლეგებთან“,- განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში და მუდმივი წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ.
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდა. გიორგი მარგველაშვილისა იენს სტოლტენბერგის პირისპირ მოლაპარაკება ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო თუ რა მოლოდინი აქვს საქართველოს ზაფხულში დაგეგმილ ნატოს მორიგ სამიტთან დაკავშირებით.