საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრემიერის მიმართვას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავნა, მნიშვნელოვან გზავნილად აფასებენ.
უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების გატაცება და მათი სიცოცხლის ხელყოფა, ხელს უშლის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებას.
„გრძელდება ადამიანების უკანონო დაპატიმრება, გრძელდება მათი თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელყოფა, რაც მიუღებელია, როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისთვის. და რაც ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მშვიდობიანად დასრულებას. ხელს უშლის ამ კონფლიქტის არსებული ფორმატით განხილვასა და გადაწყვეტას“-აცხადებს თალაკვაძე.
პრემიერის განცხადებას პასუხისმგებლობით აღსავსე ლიდერის განცხადებად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გიორგი ვოლსკი.
„ეს არის პასუხისმგებლობით აღსავსე ლიდერის განცხადება, რომელმაც გამოიარა გარკვეული მნიშვნელოვანი ანალიტიკური პროცესი. ვფიქრობ ის მიდგომაა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება აკეთებს აქცენტს“-აცხადებს გიორგი ვოლსკი.