ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმესა და რეზოლუციის შინაარსზე განმარტება ამერიკის ელჩმა გააკეთა. იან კელის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა დაუყოვნებლივ მოხდეს. აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამ საკითხზე რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტი აქვთ.
„მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას მის ძალისხმევაში, რომ ეს საკითხი გადაჭრას. შედგა საუბარი სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საქართველოს პრემიერმინისტრს შორის, სადაც კიდევ ხაზი გაესვა აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. სხვადასხვა დიპლომატიური არხით ჩართული ვართ და რუსეთის ხელისუფლებასთან ვკონტაქტობთ. მოვუწოდებთ მათ, რომ ცხედარი დაუყოვნებლივ ოჯახს დაუბრუნონ,“- აღნიშნა იან კელიმ.
აშშ-ის ელჩმა არჩილ ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტში ორპარტიული დოკუმენტი იყოს მიღებული.
„რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტს, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მესმის, რომ ასეთი მოთხოვნა არის, რადგან როდესაც დანაშაული არის ჩადენილი და ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ჯერ ოთხოზორიას და ახლა კი ტატუნაშვილის საქმეში პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. აშშ-ში მსგავსი სია არის, რომელსაც მაგნიცკის სიას ვუწოდებთ, არის გარკვეული სანქციების ჩამონათვალიც, რომელიც მაგნიცკის მკვლელობას უკავშირდება. აუცილებელია, დანაშაულზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რაც ამ ორ შემთხვევაში არ გვქონია. ძალიან კარგია თუ იქნება ორპარტიული რეზოლუცია,“- განაცხადა იან კელიმ.