„იურიდიულად, ეს გახლავთ სახელმწიფო ღალატი ჩადენილი პრემიერ-მინისტრის მიერ და დეფაქტო სეპარატისტული რეჟიმების აღიარება,“ - ეს განცხადება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა პრემიერმინისტრის განცხადების შეფასებისას გააკეთა.
ნათელაშვილმა პრემიერი დღეს გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზეთთან და ოსებთან, ამ კუთხით კი „მისასალმებელი იქნებოდა“ საკითხისადმი რუსეთის კონსტრუქციული მიდგომა.
„ჩვენ ვისაც უნდა დაველაპარაკოთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხზე, ის ზის კრემლში, ის ზის მოსკოვში. ქართველებს, ოსებს და აფხაზებს ერთმანეთთან არასდროს არაფერი გასაყოფი არ ჰქონიათ, ისინი ერთი ქვეყნის შვილები არიან და რომ არ ჩარეულიყო იმპერიული ინტერესი, არავითარი ის უბედურება, რაც გადავიტანეთ, პირველ რიგში, ქართველებმა და მერე მათაც, არ მოხდება და არ წავიდა არცერთი რეჟიმი იმაზე, რომ დაერწყო მოლაპარაკება ცხინვალთან და სოხუმთან, ეს ნიშნავდა მათი დამოუკიდებლობის დეფაქტო აღიარებას,“ - აცხადებს ნათელაშვილი.
შალვა ნათელაშვილის თქმით, პრემიერის აღნიშნული განცხადება „უსიტყვო კაპიტულაციაა" 18 მარტს პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქულების ჩასაწერად.“
„მაშინ, როდესაც ოკუპანტები ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარსაც კი არ გვიბრუნებენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს კრემლში შედგენილ და ივანიშვილის მიერ რედაქტირებულ მიმართვას ოსებთან და აფხაზებთან მოლაპარაკების დაწყებაზე, რაც პირდაპირი და უსიტყვო კაპიტულაციაა 18 მარტს პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქულების ჩასაწერად,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.