არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 14 დღის შემდეგ, პარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ისევ ვერ ახერხებს. ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ ამ დრომდე რეზოლუციის ერთიანი ტექსტი ვერ შეაჯერა.
საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაში დოკუმენტის საბოლოო ვარიანტზე კონსულტაციები დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა. როგორი იქნება რეზოლუციის პროექტი, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის დაფიქსირების შემდეგ გაირკვევა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ რეზოლუციის მიღებას უმრავლესობა ოფიციალური მოსკოვის მიმართ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის შიშით აგვიანებს. პარტიაში ამბობენ, რომ მთავრობას პოლიტიკური ნება არ აქვს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვოს.
„ევროპული საქართველოს“ მთავარი მოთხოვნაც დოკუმენტში სანქციების მუხლის ჩადებაა. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების გარეშე, უმცირესობა რეზოლუციის დამტკიცების აზრს ვერ ხედავს.
„ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ არც ტატუნაშვილის გადმოსვენებისა და არც სანქციების დაწესების საკითხი მმართველ გუნდს ხელს არ შეუშლის, რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღოს.
რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაში სანქციების დაწესების აზრს ვერ ხედავს "პატრიოტთა ალიანსი."