20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
თბილისის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძეს 30 ათასი ლარი გამოუყო

ოპოზიციის მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ქალაქის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან სოციალური სამსახურის შუამდგომლობით ლევან გაჩეჩილაძეს 30 ათასი ლარი გამოუყო. დოკუმენტებს ხელს კახა კალაძე აწერს. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის სჭირდებოდა.

ოპოზიციის წევრები შერჩევით დახმარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, იმ ფონზე, როცა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას თვეების ლოდინის შემდეგ დახმარებაზე უარს ეუბნებიან, გაჩეჩილაძეს საზღვარგარეთ მკურნალობაში სოლიდურ თანხას ურიცხავენ, უსამართლობაა.

საკრებულოს ოპოზიცია კალაძის უწყებას საბიუჯეტო სახსრების ობიექტურად და გამჭვირვალედ ხარჯვისკენ მოუწოდებს.  

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ იმ პირების სოციალური მდგომარეობის შესწავლა, ვინც მკურნალობისთვის ფინანსურ დახმარებას ითხოვს, თანხის მისაღებად აუცილებელი პირობა არ არის. მერიის სოციალურ სამსხურში შერჩევით დახმარებას უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნებთან ერთად სუბიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

მერიის სოციალური სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ყველაზე დიდი დაფინანსება 4 მილიონზე მეტი სიმსივნით და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებმა მიიღეს და ასეთი მხოლოდ თბილისის მასშტაბით 23 ათასზე მეტი იყო.

დღის ამბები