"საქართველო იქნება მიწვეული ნატო-ს სამიტზე, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და განიხილება. საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ბრიუსელში ნატო-ს გენმდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ის შეხვედრები შეაჯამა, რომელიც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში გამართა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მოლაპარაკებების შედეგად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, კონკრეტული ღონისძიებების გატარება შეთანხმდა. ევროკავშირის შემთხვევაში, ეს ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც ახალ ორმხრივ, სექტორული თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმებას გულისხმობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კი, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე შედგა მსჯელობა - ნატო საქართველოს მომავალ სამიტზე იწვევს.
„ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ მივაღწიეთ ახალ ფორმატს - სექტორული თანამშრომლობისა, რაც საქართველო - ევროკავშირის დიალოგის თვისობრივად ახალ დონეზე აყვანაა. მე მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია ჩვენ კოლეგებს იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც არსებობდა სავიზო რეჟიმის დარღვევასთან მიმართებაში და ჩამოყალიბდა ის სამუშაო ურთიერთობა, რომელიც ამ წარმოქმნილ პრობლემას გადალახავს.
ჩვენ ვისაუბრეთ ნატოსთან მომავალი სამიტის თაობაზე და იმის შესახებ, რომ საქართველო იქნება მიწვეული ამ სამიტზე, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და განიხილება. საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, განსაკუთრებით ეს ეხება შავი ზღვის ფორმატს, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას და საქართველოს როლის აღიარებას, რომელიც ნატო-სგან ჩვენ არაერთხელ გაგვიგია.
"ამ შედეგების პარალელურად, ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მისი ცხედრის გადმოსვენება და ჩვენი მოქალაქეების დაკავება, რომლებსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არ უშვებენ. ეს იყო ის მძიმე ფონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვილაპარაკეთ აი, ამ წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.