06 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ვაშინგტონი რუსეთს ახალ სანქციებს, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაუწესებს

ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთს ახალ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაუწესებს.

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში საერთაშორისო სანქციებზეცაა პასუხისმგებელი, აცხადებს, რომ უწყების მიერ კონგრესისთვის გადაცემული სია სამომავლო სანქციების მკაფიო შეფასებას მოიცავს.

ვაშინგტონში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ტერორიზმის და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, სიგალ მანდელკერმა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო რუსეთზე ზეწოლაზეა ფოკუსირებული.

„ჩვენ განსაკუთრებით ვართ ორიენტირებული რუსეთზე ზეწოლისთვის მისი უწყვეტი მცდელობის გამო, მოახდინოს უკრაინის დესტაბილიზაცია, გააგრძელოს ყირიმის ოკუპაცია, ჩაერიოს არჩევნებში. ასევე, მისი სისტემური კორუფციისა და ადამიანის უფლებათა გათელვის გამო. ჩვენ კონგრესს, სანქციათა კანონის 241-ე მუხლის თანახმად, გადავეცით მკაფიო სია რუსეთის ფედერაციაში უმაღლესი პოლიტიკური პირების და ოლიგარქების შესახებ. ეს ფართომასშტაბიანი მოხსენება, რომელიც დაზვერვის საზოგადოებასთან, მათ შორის, ჩვენი დაზვერვის და ანალიზის ოფისთან იყო კოორდინირებული, შეიცავს შეფასებას, სამომავლოდ გამიზნული სანქციებისთვის,“ - განაცხადა სიგალ მანდელკერმა.

ანალიტიკოსებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოხსენების შემდეგ თქვეს, რომ კონგრესისთვის გადაგზავნილ ე.წ. „კრემლის სიას“, რომელშიც პუტინის გარემოცვა და ოლიგარქებია შეყვანილი, სანქციები მოჰყვება.

თავიდან ამ სიას ვაშინგტონის ანალიტიკური წრეები უიმედოდ შეხვდნენ და მას "ხელიდან გაშვებული შანსი", ”ფორბსიდან კოპირებული" და "ხუმრობა" უწოდეს. თუმცა, მოგვიანებით კონგრესმა განაცხადა, რომ არსებობდა კიდევ ერთი საიდუმლო სია, რომელიც საჯარო ამ დრომდე არ გამხდარა.

 „როგორც გვითხრეს, იქნება ახალი სანქციები, დაფუძნებული იმ საიდუმლო სიაზე. ჩვენ როგორც ვხვდებით, რამდენიმე ათეულ პირზე დაწესდება სანქციები და ეს მოხდება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ფინანსთა მინისტრმა, სტივ მნუჩინმა, მეტნაკლებად თქვა ამის შესახებ. ეს სანქციები გამოიცემა და იქნება სრულიად განსხვავებული იმ უცნაური კოპირებისგან. რუსების ერთი ტრილიონი დოლარი კერძო ფული იმალება საზღვარგარეთ, საფარი კომპანიების მეშვეობით. ისინი სრულიად არაგამჭვირვალედ მოქმედებენ. ამ ფულის დიდი ნაწილი უდავოდ ორ ქვეყანაში - შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოშია, რადგან ეს არის გზა, შენი ანონიმური კომპანიებისა და უამრავი ქონების დასამალად,“ - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა, ანდერს ასლუნდიმ.

 

დღის ამბები