არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი უნდა წარადგინოს დღის ბოლოს "ქართულმა ოცნებამ". მანამდე კი საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან კონსულტაციებს კვლავ განაგრძობს.
საპარლამენტო უმცირესობა საკითხის დასმას ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აპირებს. „ევროპული საქართველოს“ წევრები იმედოვნებენ, რომ რეზოლუციაში მათი ინიციატივები გათვალისწინებული იქნება.
„სახელმწიფო ვალდებულია რომ რაღაც ზომები მაინც, თუნდაც მინიმალური ზომები მაინც მიიღონ იმისთვის, რომ ტატუნაშვილის მკვლელები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და მათ შეექმნათ დისკომფორტი საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. როდესაც გვაქვს არა შიდა პოლიტიკური საკითხები, არამედ ასეთი მნიშვნელოვანი საერთო ეროვნული საკითხი, უნდა მოვძებნოთ შეხების წერტილები ყველა პარტიასთან,“-აცხადებს ოთარ კახიძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოუწოდებენ მმართველ გუნდს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელონ.
„მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი რომც მიიღოს პარლამენტმა, ეჭვი გვეპარება, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა შესაბამისადვე განხორციელდება. ეს ფარატინა ქაღალდი არ უნდა იყოს და რაც წერია საკმაოდ სწორი დებულებები არ უნდა დარჩეს აუსრულებელი და ჰაერში გასროლილი,“-აცხადებს ენმ-ს წევრი გია ბარამიძე.