„მილიონერი კალაძე მილიონერ გაჩეჩილაძეს დაეხმარა საბიუჯეტო სახსრებით და ამ თანხამ შეადგინა 30 ათასი ლარი,“ - ეს განცხადება, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან, ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 ათასი ლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის ფინანსების შესწავლის მოთხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დღეს ოფიციალურად მიმართეს.
„მთავარი ჩვენი მოთხოვნა აუდიტის სამსახურში არის, რომ შეისწავლონ, რამდენად მიზნობრივად მოხდა მილიონერი ლევან გაჩეჩილაძისთვის ამ თანხების გამოყენება და რამდენად იყო დასაბუთებული ის მიზნობრიობა, რომლითაც მერის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 30 ათასი ლარი,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ გაჩეჩილაძე გამონაკლისი არაა და ნაცვლად სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეებისა, ბიუჯეტის ფული ხშირად მაღალჩინოსნებისა და გავლენიანი პირების დასახმარებლად იხარჯება.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება იყო პირადი მოტივებით.,, ჩვენ უამრავი ჩვენი მოქალაქე გვინახავს, რომ ოპერაციას ვერ იკეთებენ, იმიტომ, რომ შემოსავალი არ აქვთ. უამრავი ბავშვი გვინახავს, რომელიც სამწუხაროდ, იღუპება იმიტომ, რომ მინ8იმალური ოპერაციის სახსრებიც კი არ აქვს მის ოჯახს, უამრავი სოციალურად დაუცველი გვინახავს, მედიკამენტს, რომ ვერ ყიდულობს და ამ დროს მერია ეუბნება ხოლმე, რომ თურმე ბიუჯეტის სიმწირის გამო, მათ დახმარებას ვერ შეძლებს. ამ დროს დედაქალაქის მერმა მისცა თავს უფლება, მილიონერ ლევან გაჩეჩილაძეს დახმარებოდა. შესაბამისად, აუდიტის სამსახურს არაფერი დარჩენია გარდა იმის, რომ გამოიკვლიოს ამ თანხის მიზნობრიობა,“ – აცხადებს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, კახა კალაძის ხელმოწერით, აღნიშნული ფონდიდან 30 000 ლარი ლევან გაჩეჩილაძის სამკურნალოდ გამოიყო.