20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
უმრავლესობაში არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია - ოპოზიცია მმართველ გუნდს რეზოლუციის მიღების პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს 

"როგორც ჩანს, უმრავლესობაში არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით და ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ გადაიდო რეზოლუციის მიღება,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ მისაღებ ერთობლივ რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში თანხმობას ვერ მიაღწიეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

„ეს არის ის გზავნილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის ელჩისგანაც, რომ პარლამენტმა დროულად მიიღოს რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლას რუსეთზე კიდევ უფრო გააძლიერებს და გაზრდის,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას მოითხოვს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობაში, ჯერჯერობით არ ეთანხმებიან. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ერთობლივი რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, ტექსტი სანქციებსაც უნდა შეიცავდეს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიგვაჩნია, რომ შეფასება, რომელიც გაკეთდება რეზოლუციის კუთხით, შეიძლება, იყოს ეფექტური. პირიქით, შეიძლება ამას კონტრეფექტიც კი გააჩნდეს. ვნახეთ, ძალიან სამწუხარო განცხადება პრემიერ-მინისტრის მხრიდან. განცხადება, რომელიც ღრმად ვართ დარწმუნებულები „ევროპულ საქართველოში“, რომ არ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს და პირიქით, დამაზიანებელი არის, მაგრამ ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო ხელმძღვანელობის მხრიდან გარკვეული მზაობა გამოითქვა ჩვენი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კაპანაძემ. 

ეს განცხადებები აშშ-ის ელჩის და საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე გაკეთდა. იან კელი უკვე ერთი საათია, რაც დახურულ კარს მიღმა საგარეო კომიტეტის წევრებს ხვდება. დღეს იან კელის საგარეო კომიტეტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა აქვს. 

დღის ამბები