რეზოლუცია, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო ოკუპანტთა ქმედება უნდა დაგმოს, ამ დრომდე შემუშავებული არ არის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია რეზოლუციის ტექსტზე კონსესუსი საპარლამენტო ოპოზიციასთან მიაღწიონ. ოპოზიცია კი ტექსტში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაწერას ითხოვს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ რეზოლუციის შემუშავების პროცესში სანქციების ნაწილის შემუშავება სამართლებრივი საკითხია, რასაც „სხვა სახის სიზუსტე სჭირდება“.
„სამართლებრივ საკითხებს სჭირდება ცოტა უფრო მეტი სიზუსტე და გაცილებით უფრო სხვა სტანდარტები, ვიდრე პოლიტიკურ შეფასებას. პოლიტიკური შეფასების ნაწილში მე ვფიქრობ, რომ ეს კონსულტაციები, რომელიც გრძელდება დასრულდება საბოლოოდ ალბათ შეჯერებით, სანქციების ნაწილი არის სისხლის სამართლებრივი საკითხი. სისხლის სამართლებრივ საკითხებს როცა ვეხებით, მას სხვა ტიპის სიზუსტე სჭირდება და სხვა ტიპის საკანონმდებლო დათქმებთან მიახლოება. ვფიქრობ, საჭიროა ეს განწყობა, რომ ერთი ტექსტი იყოს მხარდაჭერილი,“-აცხადებს ბესელია.
საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნაა, რეზოლუციის ტექსტს სანქციებთან ერთად დაემატოს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, რაც იქნება ქმედითი ნაბიჯი რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა სანქციებთან დაკავშირებით, არის ერთადერთი ქმედითი ნაბიჯი რეზოლუცია ერთის მხრივ შეიძლება შეიცავდეს შეფასებებს მოსაზრებებს და ჰქონდეს დეკლარაციული ხასიათი, მაგრამ კონკრეტული ზომების გარეშე ჩვენ ვფიქრობთ ,რომ ეს რეზოლუცია არ იქნება ქმედით, ამიტომ ვთავაზობთ ჩაიდოს კონკრეტული პირების სია და კონკრეტულ სანქციები ამ პირებზე მომავალში ამ სანქციების გამკაცრება ამ პირთა რაოდენობის გაზრდა თუ ამგვარი შემთხვევები გაგრძელდება. ამგვარი ქმედითი ნაბიჯების გარეშე ფარატინა რეზოლუციის მიღება არ არის საკმარისი,“-ოთარ კახიძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ მხოლოდ მაშინ დაუჭერენ მხარს რეზოლუციას, თუ მასში იქნება გათვალისწინებული სანქციების ნაწილი.
„კომიკური სიტუაცია შეიქმნა პარლამენტსა და მის უმრავლესობას გულუბრყვილოდ ეგონა, რომ შეეძლოთ რუსეთისათვის თითის დაქნევა და მკაცრი რეზოლუციის მიღება და მოულოდნელად პრემიერ მინისტრმა გააკეთა კაპიტულანტური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ სცემს პასუხს, ეს არის განპირობებული იმით, რომ ივანიშვილი არ არის ჩამოყალიბებული. მთავრობის პოზიციას აყალიბებს ივანიშვილი. სანამ არაფორმალრი მმართველი არ მისცემს სიგნალს როგორი უნდა იყოს რეზოლუციის შინაარსი მანამდე იქნება ასეთი გაურკვევლობა,“-აცხადებს რომან გოცირიძე.