„ქართულმა ოცნებამ, მართლაც, მოახერხა ის, რომ სრული ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა იმ აზრში, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას გააკეთა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ და რეაგირებისთვის სტრასბურგს მიმართავენ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესაბამისი სარჩელი უახლოეს დღეებში შევა, რომელსაც ხელი 17-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა. მათ შორის არიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები.
„ეს იყო სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, სადაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ერთადერთი ამოცანა და ეს იყო ძალაუფლების მონოპოლიზება,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე აღნიშნავს, რომ ეს სარჩელი ხელისუფლებისთვის სიგნალი უნდა იყოს.
„ეს უნდა იყოს კარგი სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ მიუხედავად იმ განსხვავებისა, რაც შეიძლება გვქონდეს ჩვენ ოპოზიციაში, არ ვწვავთ ხიდებს და შეგვიძლია თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც გვეხება არა მარტო ჩვენ ცალ-ცალკე, ეხება ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა კიკნაველიძემ.
თბილისის საკრებულოს წევრი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, გოჩა თევდორაძე იმედოვნებს, რომ ევროსასამართლო სარჩელს მიიღებს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი