ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა იმ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს.
„ჩვენ სხვადასხვა სფეროში წარმატებით ვთანამშრომლობთ. მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენ 2012 წლიდან ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენს ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები მაღალ დონეზეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს გლობალური მნიშვნელობის მრავალი პროექტი, მათ შორის ერთ-ერთია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ოქტომბერში ჩვენ საზეიმოდ გავხსენით. წელს კი სამხრეთის გაზის კორიდორის, TANAP-ის პროექტის რეალიზაცია ჩვენს თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს”-განაცხადა ილჰამ ალიევმა.
თავის მხრივ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ის მიესალმება, რომ აზერბაიჯანი ვიზიტორების მხრივ პირველ ადგილზე.
„სტრატეგიული პროექტები, რომლებიც თქვენ ახსენეთ - ბაქო თბილისი-ყარსის პროექტი, სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი რომელიც შემდგომ ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული გაზსადენით ევროპას უკავშირდება, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული ფორმატები პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით. გლობალურ ფორმატებში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციებს და ეს ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე. მინდა, ასევე მოგილოცოთ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.