ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია - უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს შორის კიდევ ერთი, თითქმის 2-საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მმართველი პარტია კვლავ უარს ამბობს რუსეთის წინაღმდეგ რეზოლუციაში ე.წ. ოთხოზორია -ტატუნაშვილის სია შეიტანოს და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვოს. „ევროპულ საქართველოში“ კი განმარტავენ, რომ სანქციების დაწესებაზე დათმობა არ იქნება.
უმრავლესობაში კი ამტკიცებენ, რომ მათ უმცირესობას სიის ფორმულირებასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია შესთავაზეს. რას გულისხმობს მმართველი პარტია და სახელობითად ვინ შეიძლება ჩაიწეროს რეზოლუციის პროექტში, ამას უმრავლესობაში არ აკონკრეტებენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები განმარტავენ, რომ უფრო მეტი დეტალი ორ დღეში გაირკვევა, როდესაც უმრავლესობა უმცირესობას შორის კიდევ ერთი მოლაპარაკება გაიმართება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი დარწმუნებული არიან, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების ნაწილში, მმართველი პარტიის უარი პრემიერის განცხადებას უკავშირდება. პარტიაში ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია უმრავლესობის დეპუტატებისთვის ღია გზავნილი იყო, რომ ოფიციალური კრემლის მიმართ მთავრობა არ გაღიზიანების პოლიტიკას განაგრძობს.