„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი პრემიერ მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს. ახვლედიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის შემდეგ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, მსგავსი შეურაცხმყოფელი პასუხის შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
„იმ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა საქართველო, როდესაც გადამწყვეტი ზომებია მისაღები და ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში კვირიკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი შემცვლელი შეიძლება მასზე უკეთესი აღმოჩნდეს, მაგრამ ამის მიუხედავად ფაქტია, რომ მან ყოველგვარი რესურსი ამოწურა და უფრო მეტიც დღეს კვირიკაშვილის ყოფნა მთავრობის სათავეში უკიდურესად საზიანოა საქართველოსთვის“-აცხადებს ახვლედიანი.
რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს პრემიერის განცხადებას უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მზაობას დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზეთთან და ცხინვალთან.
გარდა ამისა, განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი მიესალმება ჟენევის დისკუსიაში პრემიერის ჩართვის ინიციატივას. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე ქართული მხარის კონსტრუქციულობას გამოიჩენს.