თბილისის მერის მიერ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას ოპოზიცია მოუმზადებელ და ბუნდოვან გადაწყვეტილებას უწოდებს. ოპოზიციის წევრების თქმით, მათ მერისგან დეტალური ინფორმაცია ვერ მიიღეს.
„ეს გადაწყვეტილება არის მოუმზადებელი და ძალიან ბუნდოვანია ზოგადად, თბილისის მერის განცხადებას. გასაგებია, როდესაც ისინი იძახიან, რომ არ აპირებენ ისინი თანხის გადახდას, ამ შემთხვევაში ჩვენ „სითი პარკის“ პოზიცია არ მოგვისმენია, ანუ ის რას აპირებს. მართლა ასე გავა თუ არა დედაქალაქიდან ისე, რომ ჯარიმას არ მოითხოვს, მეორე ის, რომ გაუგებარია, არ პირობებით შემოჰყავს ახალი კომპანია ან კომპანიები თბილისის მერიას. ეს იქნება ფიქსირებული ტარიფი თუ იქნება ზონირებული გადასახადი. იმ შემთხვევაში თუ იქნება ზონირებული გადასახადი, პარკირების ტარიფი თბილისელებს ძალიან გაუძვირდებათ. როდემდე იმუშავებს თბილისში სატრანსპორტო კომპანია“,- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ კომპლექსური რეფორმის გეგმის შესახებ მერიისგან ინფორმაცია არ მიუღიათ.
„როგორი იქნება სისტემა, რა გაკეთდება, როგორ განიტვირთება მოძრაობა, ქალაქში, სადაც 400 ათასი მანქანაა და მხოლოდ ათასი სადგომი ადგილი, იქ როგორ მოწესრიგდება ეს საკითხი. როგორი იქნება ჯარიმები, როგორი იქნება ახალი სისტემა, აშენდება თუ არა პარკინგები, მიწისზედა, მიწისქვედა, სად აშენდება, როგორ განიტვირთება ის სქემა, რომელიც არის ქალაქში, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არანაირი კომპლექსური რეფორმის გეგმა წარმოდგენილი არ არის“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მათი პრიორიტეტი სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება იყო, რომლის ერთ-ერთი ნაწილია პარკირება. საკრებულოს ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ ალეკო ელისაშვილის ბრალდებებსაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისთვის, ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 ათასი ლარის გადარიცხვის თემის გადაფარვას ემსახურებოდა.
„რაც შეეხება, ადამიანის მკურნალობის დაფინანსებას, ეს არ არის გადასაფარი თემა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ ჰუმანურ ჯანდაცვის და სოციალურ პოლიტიკას, რომელიც „ქართული ოცნებამ“ დანერგა და ყველა ადამიანს დავეხმარებით, ვისაც ეს სჭირდება“,- განაცხადა ვახტანგ შაქარაშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.