20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
სირცხვილია, თუკი, ზაზა შათირიშვილს დაამტკიცებენ, როგორც ბორდის წევრს - ნინია კაკაბაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. სპეციალური კომისია წევრობის მსურველ 14 კანდიდატს მოუსმენს და მათგან 12-ს შეარჩევს, რის შემდეგაც სია პარლამენტს წარედგინება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი, ზვიად დევდარიანი აღნიშნავს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი პროფესიონალიზმის გამო უნდა აირჩეს.  

„ბუნებრივია, ის შეიცავს პოლიტიკური გადაწყვეტილების ელემენტებს, ვინაიდან, პარლამენტი სწორედ ამ ტიპის ორგანოა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატების შერჩევა მოხდეს მათი პროფესიონალიზმის, ხედვების და მათ შორის, პრინციპულობის კრიტერიუმებით, რაც იქნება იმის გარანტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად განვითარდეს, ის იყოს სანდო და მნიშვნელოვანი მოთამაშე მაუწყებლების სფეროში,“ - განაცხადა დევდარიანმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი, ნინია კაკაბაძე ერთ-ერთი კანდიდატის, ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ზაზა შათირიშვილი საბჭოს წევრი არ უნდა გახდეს.

„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი, თუკი, ზაზა შათირიშვილს დაამტკიცებენ, როგორც ბორდის წევრს. სამეთვალყურეო საბჭოში მისი ადგილი არ არის, იმიტომ არა, რომ ის ვინმეზე ნაკლებია, არამედ სხვა ინტერესების ადამიანი არის, ეს გამოჩნდა მის გასაუბრებაში. ისიც ვიცით, რომ სურვილი ხელისუფლების მხრიდან, რომ ბატონი ზაზა იყოს სამეთვალყურეო საბჭოში, არის ძალიან დიდი. ვფიქრობ, რომ თავად ზაზას მოტივაცია ამ შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, ხელფასი, რომელიც წევრებს აქვთ,“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

შათირიშვილმა გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ ის მეგობრობს ვასილ მაღლაფერიძესთან, თუმცა მისი თქმით, ბორდის წევრად არჩევის შემთხვევაში, ნაცნობობა და მეგობრობა ხელს არ შეუშლის. შათირიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობს.

საპარლამენტო უმცირესობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შათირიშვილს მმართველი გუნდი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ლობირებს.

ბორდში ოთხი ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც მოქმედ წევრებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ.

დღის ამბები