ოკუპანტებთან კომუნიკაცია შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი თავისუფალი დემოკრატებისა და პროდასავლური ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა.
უკვე რამდენიმე თვეა, პოლიტიკური პარტიები ახალ ინიციატივაზე მუშაობენ, რომლის თანახმადაც, რუსეთთან მოლაპარაკებებისა და დიალოგის უფლება ექსკლუზიურად მხოლოდ ხელისუფლებას ექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი საქართველოში თავის პოლიტიკისა და პროპაგანდის გასავრცელებლად სხვა პოლიტიკურ ძალებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ვერ შექმნის. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი სანქციები საკმაოდ მკაცრი იქნება.
რუსული პროპაგანდისა და ოკუპანტთან კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო ოპოზიცია.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ღიად ამბობენ, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო აქტით რეალურად გაიშიფრება, იყენებს თუ არა ხელისუფლება მოსკოვთან დიალოგის გასამართად მის სატელიტ პარტიებსა და სხვა პრორუსულ ორგანიზაციებს.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია რუსეთთან ფარულ გარიგებაში სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებს და ეს კანონპროექტი არა პატრიოტთა ალიანსის ან რომელიმე სხვა ძალის, არამედ სწორედ ქართული ოცნების წინააღმდეგ არის მიმართული.