20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
რეზოლუცია იქნება საკმაოდ მწვავე - "ქართული ოცნების" ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

ქართული ოცნების ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, სადაც პრემიერმინისტრიც იმყოფებოდა, მოსკოვიდან მიღებული პასუხი და ოპოზიციასთან საერთო რეზოლუციის პროექტი იყო ქართული ოცნების ლიდერების მსჯელობის საგანი.

უმრავლესობის თქმით, რეზოლუცია საკმაოდ მწვავე და კონკრეტული შინაარსის იქნება. 

„არც შეთანხმებაა ოპოზიციასთან რეზოლუციის ტექსტზე თვითმიზანი და არც შეუთანხმებლობა. მთავარია, რომ იყოს რეალური პოლიტიკის დაფიქსირება, რეალობის დაფიქსირება, რაც ხდება ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით, მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ოპონენტებისგან პასუხს ელოდება.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ.

„ჩვენ ყველამ ჩვენი აზრი გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ვითარებაში, რა პოლიტიკა უნდა იყოს, რა მესიჯები უნდა იყოს ოკუპანტის ან საზოგადოების მიმართ,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის, თქმით, რეზოლუცია მწვავე შინაარსის იქნება.

„ემოციური დამოკიდებულება არ შეიძლება. დამოკიდებულება უნდა იყოს პრინციპული და სამართლიანი. პრინციპულობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობა არის სახელმძღვანელო პრინციპები,“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

დღის ამბები