პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მომხდარიყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.
პრემიერის განცხადებით, დადებითი ფაქტია ის, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გაათავისუფლა ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე.
მისი თქმით, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, თუნდაც იმიჯის შელახვის ხარჯზე.
„ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ჩარეულიყვნენ ამ პროცესში. ასევე, მე სპეციალური განცხადებით მივმართე რუსეთის ფედერაციას. დღესდღეობით ასეთი სიტუაცია გვაქვს - ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლებულია და ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ, რაც უდავოდ კარგია. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ვერ მოხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე.
"მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე.
საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია, უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთ ნაბიჯები, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ქვეყნის ინტერესების განუხრელი, თანმიმდევრული დაცვა, იმ მანდატის აღსრულება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა"-განაცხადა საქართველოს პრემიერმა.