ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა პოსტი ისე დატოვა, რომ პრეზიდენტს ფორმალური მადლობაც კი არ გადაუხადა. ტილერსონი ტრამპის ადმინისტრაციის მეხუთე მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო ორ კვირაში დაითხოვეს. პრეზიდენტმა მისი გადაყენების შესახებ ტვიტერის ქსელში დაწერა
სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მალევე ახსნა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას სახელმწიფო მდივანთან არაერთ საკითხზე ჰქონდა უთანხმოება, მათ შორის ირანის თემაზე.
„მე და რექსი ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენ ერთი პერიოდი კარგად ვეწყობოდით, თუმცა გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება გვაქვს. ირანის შეთანხმება რომ ავიღოთ, ვფიქრობ, საშინელია. ვვარაუდობ, ის ფიქრობდა, რომ მისაღები იყო. მე მსურდა ან შეწყვეტა, ან რამის გაკეთება და მას ოდნავ განსხვავებული აზრი ჰქონდა. ასე, რომ ჩვენ ერთნაირად არ ვფიქრობდით. მაიკ პომპეოთან კი აზრთა თანხვედრა გვაქვს“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სახელმწიფო მდივანი საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. ტილერსონმა მოუწოდა მის გუნდს, მოადგილეებს და ასისტენტებს, დარჩნენ პოსტებზე და მუშაობა გააგრძელონ. თუმცა ერთ-ერთ მათგანს, სტივ გოლდშტეინს, რომელმაც თქვა, რომ ტილერსონმა მისი გათავისუფლების მიზეზის შესახებ არ იცოდა, თანამდებობა დღესვე დაატოვებინეს.
ბრიფინგზე ტილერსონმა საგარეო პოლიტიკის იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც ამერიკის მთავარი დიპლომატიური უწყება მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა. ის რუსეთის თემასაც შეეხო.
"ბევრი სამუშაოა დარჩენილი, რუსეთის საგანგაშო საქციელთან და მოქმედებებთან დაკავშირებით. რუსეთმა ყურადღებით უნდა განსაზღვროს, თუ როგორი მოქმედებაა საუკეთესო, რუსი ხალხის და უფრო გლობალურად, მსოფლიოს ინტერესებისთვის. ამჟამინდელი გზით სიარული, სავარაუდოდ, მიიყვანს მათ უფრო მეტ იზოლაციამდე, რაც არავის ინტერესებში არ არის,“- აღნიშნა ტილერსონმა.
რა შეიცვლება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში რექს ტილერსონის გათავისუფლებითა და სახელმწიფო მდივნად მაიკ პომპეოს დანიშვნით, ამერიკელ ექსპერტებს ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
„არ ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკაში ბევრი ცვლილება იქნება. ერთადერთი, მოსალოდნელია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. თუმცა სხვა დიდ ცვლილებებს არ ველოდები. ბატონ პომპეოს კარგი ურთიერთობები აქვს პრეზიდენტ ტრამპთან. ის პერსონალურად აწვდიდა ყოველდღიურ დაზვერვით ინფორმაციას“,- განაცხადა ექსპერტმა ევროპისა და რუსეთის საკითხებში, ანგელა სტენტმა.
ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პომპეოს დანიშვნით გარკვეული ცვლილებები მოხდება.
„არსებობს საკმაო მიზეზები იმის სავარაუდოდ, რომ ცვლილებები იქნება. სახელმწიფო მდივან ტილერსონს მწვავედ აკრიტიკებდნენ, თუ როგორ მართავდა ის სახელმწიფო დეპარტამენტს. თუმცა რაც კარგი გააკეთა და რის გამოც საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტის მოწონება დაიმსახურა იყო ის კორექტივები, რომლებიც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებთან და ნატოსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებებში შეჰქონდა. ვშიშობ, პომპეო გაატარებს ტრამპის ნებისმიერ ხაზს, რომელიც ნაკლებად იქნება მიდრეკილი ამ ინსტიტუტების დასაცავად“,- აღნიშნა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯეფრი ანდერსონმა.
„კურიერთან“ განცხადება ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორმა, რიჩარდ ვეითსმა გააკეთა.
„პომპეოს ტილერსონზე უფრო მეტად მწვავე მიდგომა აქვს რუსეთთან, ირანთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ტილერსონს დიდი გავლენა არ ჰქონია პოლიტიკის ფორმირებაზე. ტრამპმა და ტილერსონმა დასაწყისში რაც თქვეს რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე, ძალიან მალევე შეიცვლა. პომპეოს არ ექნება დიდი გავლენა ევროპულ და ყოფილი საბჭოთა სივრცის პოლიტიკაზე. შესაძლოა უფრო მკაცრი მიდგომა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გატარდეს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს მკაცრი მიდგომა აქვს ტერორიზმის საკითხებზეც. საქართველოსთან და ევრაზიასთან დაკავშირებით დიდ ცვლილებებს არ ვხედავ“,- განაცხადა რიჩარდ ვეითსმა.