საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე პრემიერის იმ განცხადებას აფასებს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა კრემლს გაუგზავნა.
ვაშაძე ამბობს, რომ პრემიერი მოიქცა დამწყები დიპლომატივით და მან არასწორი ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება პასუხს, რომელიც პრემიერმა ლავროვის უწყებისგან მიიღო, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ეს პასუხი საუბრისთვის სივრცეს არ ტოვებს.
გრიგოლ ვაშაძემ ასევე ისაუბრა ჟენევის ფორმატზე. მისი განცხადებით, ჟენევის ფორმატის შეცვლა რუსეთის მხოლოდ რუსეთი ინტერესში შედის, რადგან ეს ფორმატი კრემლს დიდი ხანია "ყელზე ადგას."
„დღეს, ალბათ, საქართველოში ბატონი კვირიკაშვილის გარდა ძნელი მოსანახია მოქალაქე, რომელიც გულწრფელად დაინახავს რაიმე კონსტრუქციულ სივრცეს იმ დამამცირებელ პასუხში, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრესის დეპარტამენტმა გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუფიქრებელ, ზიანის მომტან განცხადებაზე. ეს მარტო დამწყებ დიპლომატ გიორგი კვირიკაშვილს შეუძლია და ის ორი თუ სამი თვე, რომელიც მან გაატარა საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომ ყველანაირი მცდელობა, რომ შეიცვალოს ჟენევის ფორმატი ამაღლდეს, უფრო მოქნილი გახდეს ეს არის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, რომელსაც ყელზე ადგას ჟენევის ფორმატი,“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.