გარემოს დაცვის სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ ბაგრატია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ღიად უპირისპირდება. თამარ ბაგრატიამ თანამდებობა ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო დატოვა, პოსტიდან გადადგა მისი მოადგილეც.
თამარ ბაგრატიამ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ „რუსთავი 2“-ს მისცა და დეტალურად მოყვა, როგორ აიძულებდა ნინო თანდილაშვილი სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე კონკრეტული პირი, კონკურსის გარეშე დაენიშნა.
თამარ ბაგრატიას თქმით, მას თეიმურაზ მთივლიშვილის კონკურსის გარეშე დანიშვნას აიძულებდნენ. თეიმურაზ მთივლიშვილი უწყებების გაერთიანებამდე გარემოს დაცვის სამინისტროში აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ კი თანამდებობის გარეშე დარჩა.
იმ შემთხვევაში თუ მინისტრის მოადგილე ზეწოლას უარყოფს, ბაგრატია მზად არის ნინო თანდილაშვილთან მიმოწერა გამოაქვეყნოს, სადაც მას ულტიმატუმიც კი წაუყენეს.
ბრალდებების ადრესატს, ნინო თანდილაშვილს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.
საპარლამენტო უმრავლესობაში სააგენტოს საკადრო პოლიტიკაში სისტემურ ჩარევას გამორიცხავენ, თუმცა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან განმარტებებს ელოდებიან.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დაიკავებს გარემოს დაცვის სააგენტოში ვაკანტურ დარჩენილ თანამდებობებს. თამარ ბაგრატიას თქმით, კანონის მიხედვით მისმა შემცვლელმა კონკურსი უნდა გაიაროს.