საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია დღეს საბოლოო დასკვნას წარადგენს.
კომისიის 114-ე პლენარულ სხდომას, სადაც მისი გაცნობა მოხდება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრება.
საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ საქართველომ მიცემული პირობა ყველა პრინციპული რეკომენდაციის გათვალისწინებასთან დაკავშირებით შეასრულა.
„ეს კონსტიტუციის ტექსტი არის ძალიან კარგი, იმაზე კარგი ვიდრე ოდესმე გვქონია ჩვენ. ამიტომ ძალიან წელში გამართული მიიღებს უმრავლესობა კონსტიტუციას 23 მარტს,“-აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა გაბუნია.
მმართველი გუნდისგან საწინააღმდეგოს ამტკიცებს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუცია ისე გადაწერა როგორც მას აწყობდა და ქვეყნის მთავარი კანონი საკუთარ თავზე მოირგო.
„სამწუხაროდ ეს პროცესი წარიმართა ისე, რომ არანაირი კავშირი დემოკრატიულ წესებთან ამას არ ჰქონია,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.
საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს მომავალ კვირას უყრის.
„მე არ მოველი, რომ ჩვენ რაიმე ახალს და მნიშვნელოვანს მოვისმენთ თვითონ კომისიის დასკვნებში, იმიტომ, რომ არაფერი არ შეცვლილა რეალურად კონსტიტუციის საბოლოო რედაქციაში,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.