საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ამ დრომდე ვერ შეჯერდა, ჩაიწერება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაში პუნქტი სანქციებისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათთვის ოპოზიციის კრიტიკა და მოთხოვნები გაუგებარია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის პლენარულ სხდომაზე მის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი გაიტანოს.
გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიციის მიზანი ერთმანეთს დააპირისპიროს პრემიერის განცხადება და აღნიშნული რეზოლუცია, მათთვის მიუღებელია.
„რეზოლუციის ტექსტთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, შენიშვნები არ მაქვს და ნაკლებია შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე არ ვიცი ჩვენი ოპონენტები რას მოითხოვენ, ამ რეზოლუციის რომელი პუნქტი ან მუხლი არ მოსწონთ. ჩვენ გამოვიტანთ რეზოლუციას, ძალიან კარგი იქნება თუ მხარს დაგვიჭერენ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს“ წევრები კი საპარლამენტო უმრავლესობასთან საერთო ტექსტზე შეჯერების მიზნით, კონსულტაციებისთვის მზაობას გამოთქვამენ.
„ამ რეზოლუციაზე მუშაობა სამწუხაროდ უკვე დაგვიანდა. ჩვენ ჩვენი ვერსია გვაქვს შეთავაზებული, ჩვენი ვერსიის მთავარი ამოცანაა, რომ დაწესდეს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და შესაბამისად მზად ვართ კონსულტაციებისთვის,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.
ხელისუფლებას კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობა“.
„საქართველოს მთავრობას ვერ მიუღია ერთი განცხადება და კიდევ უფრო გამოჩნდა ჩვენი ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკა რუსეთისადმი და ის, რომ ამ პოლიტიკით საქართველო ყოველთვის იქნება რუსეთის მხრიდან შანტაჟისა და ზეწოლის ქვეშ,“-ამბობს რომან გოცირიძე.