საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთში რუს აგენტზე მომხდარ თავდასხმა ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილმა განცხადება SKY NEWS-ის ეთერში გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ქმედებებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ კრემლის ერთადერთი მიზანი მსოფლიოში შიშის დანერგვაა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პუტინის პირდაპირი ბრძანების გარეშე სერგეი სკრიპალზე თავდასხმა არ მოხდებოდა.
„ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზი. სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის დროს რუსეთს უნდოდა მთელ მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის მოსახლეობას სცოდნოდა, რომ ეს მათი ქმედებაა. კრემლში სურთ მათი ეშინოდეთ, პუტინს მხოლოდ შიშის სჯერა. სტალინის ეპოქის შემდეგ, მსგავსი ქმედებების განხორციელებისთვის ნებართვას მხოლოდ უმაღლესი ლიდერები გასცემენ. არ არსებობს შანსი რომ პუტინის პირდაპირი ბრძანების გარეშე რაიმე მსგავსი მოხდეს.
ვფიქრობ, რუსეთს ეგონა, რომ ბრიტანეთისა და ამერიკის რეაქცია არ იქნებოდა ასეთი მკაცრი, თუმცა ტერეზა მეის მომხდარზე რეაგირება ძლიერი და შთამბეჭდავი იყო. ახლა უნდა მოხდეს დასავლეთის გაერთიანება და იმის დამტკიცება რომ დამნაშავე საბოლოოდ პასუხს აგებს,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.