„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია გახდება 400 ლარი,“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პენსიონერებთან შეხვედრისას გააკეთა.
ნიკა მელიამ პენსიონერებს "ენმ"-ის საპენსიო რეფორმა გააცნო. ნიკა მელია აცხადებს, რომ ფასების ზრდის ფონზე, მათი პენსია საკმაოდ დაბალია.
„მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პენსია მნიშვნელოვნად კარგავს მსყიდველობითუნარიანობას, „ქართული ოცნება“ მიმდინარე წელს არც კი აპირებს არცერთი თეთრით პენსიის მატებას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, მმართველმა გუნდმა 6 წლის განმავლობაში მხოლოდ 30 ლარით გაზარდა.
„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია გახდება 400 ლარი. პირველსავე წელს პენსია გახდება 300 ლარი, შემდეგ გახდება 400 ლარი. ეს შეეხება, როგორც ასაკით პენსიონერებს, ასევე, შშმ პირებს. ძირითადი წყარო, რა თქმა უნდა, იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა, კორუფციის აღმოფხვრა და მნიშვნელოვანი შემცირება ბიუროკრატიული ხარჯის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.