20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
საკონსტიტუციო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის გაუმჯობესებისკენ - ვენეციის კომისია

„ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას, რადგან იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისკენ“,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

ვენეციის კომისია მიესალმება შერეული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია მიესალმა იმ გარდამავალ ზომებს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის ითვალისწინებს. კონკრეტულად, საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3% -მდე შემცირებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად დაუშვა პოლიტიკური ბლოკების მონაწილეობა არჩევნებში, რაც ვენეციის კომისიის აზრით, ხელს შეუწყობს შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში და გაზრდის პლურალიზმს.

ამასთან, ვენეციის კომისია იწონებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პარტიაზე გადანაწილებას, ვინც გადალახავს საარჩევნო ბარიერს.

„ვენეციის კომისია იძლევა ხელმეორე დადებით შეფასებას და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტალური უფლებების დაცვის პრინციპების საფუძველზე,“- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია, რომ ვენეციის კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

დღის ამბები