საქართველოს მხარდამჭერი აქტი კონგრესში - საქართველოს პრეზიდენტმა მხარდამჭერი აქტის მიღების შესახებ კიდევ ერთ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში ატლანტიკური საბჭოსა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრას ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები, კონგრესმენები, სენატორები და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციისა და რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია საკუთარი ნაბიჯებით იზოლაციისკენ მიდის.
„ჩვენი ძალა არის ფართოდ გავუღოთ კარი მშვიდობისა და სიკეთის მსურველ ერებს, როგორიცაა საქართველო უკრაინა, მოლდოვა და ის სახელმწიფოები, რომლებმაც თავიანთი იდენტობა მიუძღვნეს უკეთესი მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. დღეს აქ ვხედავ მეგობრებს სხვადასხვა ქალაქიდან, რომლებიც პასუხობენ დიდ ბრიტანეთში მომხდარ მოვლენას. ეს სწორედ ის არის, რაც უნდა ხდებოდეს, მეგობრები უნდა იყვნენ ერთად და ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ინიციატივას საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებასთან დაკავშირებით კონგრესის ორივე პალატის წევრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა, დეიმონ ვილსონმა კრემლის კამპანიაზე ისაუბრა, რომელიც დასავლური დემოკრატიების დასუსტებისკენ არის მიმართული.
„თუმცა ჩვენ ვხედავთ, როგორ ფართოვდება ეს პოლიტიკა ამერიკამდე. ჩვენ გვინდა უფრო ლოგიკური და კარგად გაგებული, ერთობლივი სტრატეგია, რომელიც რეალურად გააძლიერებს თავისუფლების ფრონტს. ეს ხაზი სწორედ საქართველოზე გადის. გიორგი მარგველაშვილი საუბრობდა, ძალიან კონკრეტულ გზებზე, რომ ამერიკის კონგრესმა და ადმინისტრაციამ გადადგას ნაბიჯები ჩვენი ურთიერთობებისა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერისათვის,“ - განაცხადა დეიმონ ვილსონმა.
აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა, კენეტ ვოლაკმა კონგრესის მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
„გყავდეს საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ალიანსში, ემსახურება მსოფლიო მშვიდობას სტაბილურობას და ეს სტრატეგიული ალიანსი მიდის ვაშინგტონამდე - ეს არის მისი მესიჯი და ვფიქრობ, რომ დადებითი პასუხი მიიღო პრეზიდენტმა კონგრესში, როგორც რესპუბლიკელებისგან, ასევე, დემოკრატებისაგან და ასევე, მხარდაჭერა იქნება აშშ-ს ადმინისტრაციისგანაც,“ - განაცხადა კენ ვოლაკმა.