გიორგი მარგველაშვილის კონგრესისადმი მიმართვას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში მიესალმებიან. პრეზიდენტმა კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისკენ მოუწოდა და აღნიშნული მოსაზრება ვაშინგტონში გამართულ რამდენიმე შეხვედრაზეც დააფიქსირა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართვის შესახებ საქმის კურსში არ იყო.
„პრეზიდენტი მმართველ გუნდთან იცით, რომ არ ათანხმებს, თუმცა, შეუთანხმებელი ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ქვეყნის და ეროვნული ინტერესებიდან გამოდის, ჩვენთვის მისაღებია,“ - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ აქტში პირდაპირ იყოს საუბარი სანქციების საკითხზე რუსეთთან დაკავშირებით და ეს სანქციები დაუკავშირდეს პირდაპირ საქართველოს ოკუპაციის თემას. ეს იქნებოდა მაშინ მართლაც, სერიოზული გარღვევა და ვფიქრობ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო პრეზიდენტის მხრიდან, რომ დაეწყო მსგავსი კონსულტაციები,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, სერგი კაპანაძე აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„მნიშვნელოვანია, რომ კონგრესისგან, ზოგადად, აშშ-ის ხელისუფლებისგან იყოს მაღალი დონის მხარდაჭერა, რაც მათ ბევრჯერ გააკეთეს ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაშიც, ახალი აქტი თუ რეზოლუცია, ბუნებრივია, არის, მხოლოდ, კარგი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.