„სითი პარკი“ ბაზარს ტოვებს, თუმცა კომპანია სამართლებრივი დავის გაგრძელებას აპირებს. „სითი პარკსა“ და მერიას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაუსრულდა. კომპანიის წარმომადგენლებს ვიცემერი შეხვდა.
„სითი პარკის" გენერალური მენეჯერი, ბენიამინ ლაჰავი სამართალდამცავებს კომპანიის თანამშრომლების დაცვისკენ მოუწოდებს.
„განვიხილეთ ტექნიკური საკითხები და კონკრეტულად ის, თუ როგორ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის გადაბარება. ბუნებრივია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევასრულებთ კონტრაქტში გაწერილ ყველა პასუხისმგებლობას. ხაზი მინდა გავუსვა ასევე, იმ ფაქტს, რომ მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა ჩვენი თანამშრომლების მიმართ აუცილებელია. ჩვენ მოქალაქეებისგან წამოსული აგრესიის მსხვერპლი ვართ,. დარწმუნებულები ვართ, რომ პოლიცია კონტრაქტის დასრულებამდე დაიცავს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას,“ - აცხადებს ლაჰავი.
„სითი პარკის" ადვოკატი, ნინუცა ავალიანი აცხადებს, რომ დღეს გადაბარების პროცესთან დაკავშირებით შეხვდნენ.
„დღეს არსებული მდგომარეობით, კომპენსაციის თანხა არ არის დათვლილი,“ - განაცხადა ავალიანმა.
თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე „სითი პარკის" მხრიდან თანამშრომლობისთვის გამოხატულ მზაობას მიესალმება.
„10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას განახორციელებს კვლავ „სითი პარკი“. შესაბამისად, აუცილებლად, კანონის ფარგლებში ამ კომპანიას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ სათანადოდ განახორციელოს პარკირების მენეჯმენტი. იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება სამწუხარო ფაქტი და კვლავ გამეორდება აგრესია ან გარკვეული თავდასხმა ან შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, მოჰყვება ამას კანონით გათვალისწინებული ზომები,“ - განაცხადა ხმალაძემ.
ირაკლი ხმალაძის თქმით, მერია კომპენსაციის გადახდას არ აპირებს.