„შსს-მ მთლიანად დალუქა როგორც საბაგირო, ასევე, საბაგიროს გამშვები პუნქტი და შესაბამისად, ყველა ის ელექტრო თუ მექანიკური მოწყობილობა, რომელსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ უბედურ შემთხვევასთან მიმართებაში,“ - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში მომხდარი ფაქტის შეფასებისას გააკეთა.
რამდენიმე საათის წინ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა და 10-მდე ადამიანი დაშავდა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში ევროპელ ექსპერტებს მოიწვევენ, რათა მიუკერძოებლად მოხდეს ფაქტის შესწავლა და გამოკვლევა.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ ჩამოვიყვანოთ დამოუკიდებელი ექსპერტები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამაზე ვითათბირეთ, იმისთვის, რომ არ მოხდეს მიკერძოებით გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ამ წუთში ვესაუბრებით, ევროპაში რამდენიმე საექსპერტო კომპანიას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი და რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ დავადგინოთ სიმართლე. ჩვენ პრინციპულად, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დადგინდეს სიმართლე და ჩვენ გავიგოთ, თუ რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ძალიან მკაცრად დაისაჯოს ყველა ის დამნაშავე, ვისაც ამაში ხელი მიუძღვის,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.