20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
საქართველოს 4 მოქალაქე პოლონეთის სასამართლოს განაჩენს ციხეში ელოდება - ოჯახის წევრები სახელმწიფო უწყებებისგან დახმარებას ითხოვენ

საქართველოს 4 მოქალაქე პოლონეთის სასამართლოს განაჩენს ციხეში ელოდება. პოლიციასთან დაპირისპირების ბრალდებით დაკავებულები ამ დრომდე ქალაქ ზგიეჟის ციხეში იმყოფებიან.

პოლონეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. 4 ქართველი ქალაქ ზგიეჟში პოლიციასთან შეტაკების გამო 20 დღის წინ დააკავეს და მას შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა. 4-ვე ქართველი დაჭრილია.

ოჯახის წევრები ყვებიან, ისინი მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ სამი თვის წინ წავიდნენ და ერთ-ერთ ქარხანაში დასაქმდნენ.

კონფლიქტი პოლონეთში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების ჩხუბით დაიწყო, რის შემდეგაც პოლონეთის პოლიციამ ცეცხლი გახსნა.

როგორც პოლონური მედია წერს, დაჭრილები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. ოთხიდან ერთის, გოგა გოგალაძის მდგომარეობა კი ყველაზე მძიმეა, მას ფეხებში ესროლეს.

ნათესავებისთვის უცნობია, რა გახდა ქალაქ ზგიეჟის ერთ-ერთ უბანში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი, რომელშიც სულ 13 პირი მონაწილეობდა. ოთხივე მათგანს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს და ახლა სასამართლოს განაჩენს ციხეში ელოდებიან.

მძიმედ დაჭრილი გოგა გოგალაძის ოჯახმა პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიმართა. თუმცა, ამბობენ, რომ მათგან კითხვებზე პასუხებს ვერ იღებენ. ოჯახი სახელმწიფო უწყებებისგან დახმარებას და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ითხოვენ.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის წინ კერძო ადვოკატი აიყვანეს, რომელიც პოლონეთში ჩასვლას და ვითარების გარკვევას გეგმავს.

პოლონეთში საქართველოს კონსული „კურიერს“ მომხდარის დეტალებს არ უყვება, მიზეზად კი მიმდინარე გამოძიებას ასახელებს.

დღის ამბები