ანტიქართული პროპაგანდით გამორჩეულ რუსულ არხს, „რასია 1-ს“ საქართველოს ხელისუფლება მილიონ 100 ათას დოლარს გადაუხდის. სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ტურისტების მოსაზიდავად ერთი თვის განმავლობაში საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლები გავა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განმარტავს, რომ არც რუსეთი და არც მისი მთავარი არხი ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ იყო. გიორგი ჩოგოვაძის მტკიცებით, არხის შერჩევის შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი საკონკურსო პირობები იყო, მათ შორის რეკლამის ფასი.
საქართველოს შესახებ ზაფხულის სეზონის სარეკლამო კამპანიის ორგანიზებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გამარტივებული შესყიდვით ჩეხურ კომპანიასთან გააფორმა. „ალიანს მედია“ იზრუნებს რეკლამის "რასია 1-ის" ეთერში განთავსებაზე.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ რუსეთის სახელმწიფო არხის შერჩევა გაუმართლებელი ნაბიჯია. სამოქალაქო სექტორი „რასია 1-ის" ეთერში საქართველოში რუსი ტურისტებისთვის რეკლამების განთავსებას საგანგაშოს უწოდებენ.
ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ „რასია 1-ის" ეთერში აპრილის თვიდან უნდა განთავსდეს. რეკლამა არხზე ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.